„ამჟამად არც ოკუპირებული სოხუმი და არც თბილისი მზად არ არიან ან არ არიან ოფიციალური მოლაპარაკების წარმართვის მდგომარეობაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარი ოკუპირებული აფხაზეთის გამოცემასთან ინტერვიუში საუბრობს.
„ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის უფრო არაფორმალურ, მაგრამ პირდაპირ კონტაქტებს იმ იმედით, რომ ეს მისაღები იქნება. ჩვენ გვსურს, რომ დასხდნენ მაგიდასთან და ერთმანეთს სასაუბრო თემები შესთავაზონ. ამისთვის სოხუმიც და თბილისიც მზად უნდა იყვნენ არამხოლოდ საკუთარი პრიორიტეტების შეთავაზებისთვის, არამედ, მეორე მხარის პრიორიტეტების განხილვისთვისაც“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.
ამავე ინტერვიუში მან დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ მოუწოდებენ.
„შემიძლია, ცალსახად დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან საქართველოს ომისკენ არავინ უბიძგებს. აშშ-ის ელჩმა თბილისში არაერთხელ დაუდასტურა, რომ ასეთი ზეწოლა არც აშშ-ის მხრიდან არის. ეს არის დეზინფორმაცია“.
შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს შეიერაღება, აფხაზეთში (სტილი დაცულია) იწვევს შეშფოთებას“, ტოივო კლაარი პასუხობს: ვერ ვხედავთ აგრესიულ განზრახვას საქართველოს მხრიდან.
საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.