ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს - ბერბოკი თბილისში ვიზიტამდე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს.

მის კომენტარს საქართველოში ვიზიტის წინ, გერმანიის საგარეო უწყება Twitter-ის გვერდზე ავრცელებს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს.

ბერბოკის თქმით, საქართველოს მოსახლეობის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა და გასული კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები ააფრიალა პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად.

„გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

გერმანელი დიპლომატის თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გეგმავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბროს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

„დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის გარდა, ეს განსაკუთრებით ეხება მედიის თავისუფლებას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და თავაზიან საჯარო დებატებს - მაშინაც კი, თუ მოსაზრებები ზოგჯერ შორს არის ერთმანეთისგან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთა და პრემიერთან. ბერბოკი ასევე შეხვდება ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და სტუდენტებს.