ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ შესაძლებელია, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა 2023 წელსაც (იანვარში 8.4%-იანი ზრდა) გრძელდება.
„რუსეთ-უკრაინის ომმა და მიწოდების არხების კიდევ ერთხელ შეფერხებამ, ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და 2023 წლის თებერვლის საერთო ფასების წლიური ზრდა 8.1% იყო. მიმდინარე წლის განმავლობაში, მოსალოდნელია ამ ტრენდის შენარჩუნება და სხვა თანაბარ პირობებში, წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან დაახლოება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.