ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ ამბობს, რომ მოლაპარაკებისას ხაზი გაუსვა აუცილებელ რეფორმებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაციის მნიშვნელობას
„ილია დარჩიაშვილს ღიად გავუზიარე აუცილებელი რეფორმები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაციის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობას. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების ვითარება და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში“, - წერს ბორელი.
საქართველოს საგარეო უწყების მიერ 22 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები.
„ილია დარჩიაშვილმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, აისახა ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თაობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ", - ნათქვამი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.