საქართველო არის ევროკავშირი - ანალენა ბერბოკი

საქართველო არის ევროკავშირი, ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თბილისში ვიზიტისას, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს წინსვლა 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ. ბერბოკი ამბობს, რომ ეს გზა, რომელიც საკმაოდ რთულია, ვერ შემოკლდება.

მისი თქმით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპორექტის შემდეგ, ახლა მნიშვნელოვანია პოლარიზაციის დაძლევა, რეფორმების განხორციელება. 

„დიდი მადლობა ამ მეგობრული მიღებისთვის თბილისში. გერმანიაში უდიდესი ინტერესია საქართველოს, ადამიანების, ისტორიის, საოცარი ბუნების და სამზარეულოს მიმართ. ინტერესი ვლინდება საქართველოში ჩამოსვლის მსურველი გერმანელი ტურისტების რაოდენობის ზრდაში - იმ ადამიანების რაოდენობა იზრდება, ვისაც საქართველოში ტურისტად ჩამოსვლა უნდა. ადამიანებისთვის, ხინკალი და ხაჭაპური აღარ არის უცხო სიტყვა, მიუხედავად იმისა, რომ მათი წარმოთქმა არ არის მარტივი, მათ შორის, ჩემთვისაც. ეს არის ანეკდოტი გერმანული პრესისთვის.

გუშინ ვნახე არაჩვეულებრივი ქალაქი თბილისი, არაჩვეულებრივი არქიტექტურით, სადაც გერმანული არქიტექტურა შინაურია. ეს უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობას.

ინტერესი საქართველოს მიმართ იმგვარად ვლინდება, რომ ჩვენ, გერმანიაში, გასული კვირების განმავლობაში ინტენსიურად ვაკვირდებოდით თქვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რაც ხდებოდა „უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ევროპული დროშები ფრიალებდა. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი, რომ თბილისის ქუჩებში გამოდიოდნენ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ევროპულ დროშას აფრიალებდნენ.

ეს ყველაფერი ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ჩვენი გამოცდილება ევროპაში არის ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ეს არის არამხოლოდ შანსი, არამედ ევროპული ღირებულებების რწმენა. ასევე, არის სტიმული.

ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებით შეიძლება, იამაყო. საქართველო არის ევროკავშირი. ამაში დაგვარწმუნა არა გასულმა კვირებმა, არამედ გასულმა წელმა. ადამიანების, საქართველოს მოსახლეობის ადგილი ევროკავშირშია. ამიტომ, საქართველოში ჩამოვედი კონკრეტული გზავნილით.

ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქართველო ევროკავშირში, გვინდა, ქართველებმა გაამდიდრონ ევროკავშირი. ჩვენ მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე. თქვენ გყავთ მეგობრები ბრიუსელსა და ბერლინში, ვისი იმედიც შეიძლება, გქონდეთ. გულწრფელად დაგიჭერენ მხარს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გზა ერთობლივად, გულწრფელად გავიაროთ“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.