საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დროს გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს.
„მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი განსაზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება. პოლარიზაცია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს. ეს არის აშშ, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, ყველგან არის პოლარიზაცია. ჩვენი ქვეყანა ვერ და არ იქნება გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ კითხვა უნდა დავუსვათ საზოგადოებას და ოპოზიციას - რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად. მოკლედ რომ შევახსენოთ ყველას - მათი მხრიდან ვნახეთ მხოლოდ ბოიკოტი, საბოტაჟი, ხელის შეშლა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ასევე ვნახეთ დესტაბილიზაცია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ, ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას. მე მათ პირადადაც ვუთხარი, რომ შეცდომა იყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მისცეს ავანსად, როგორც მოლდოვას და უკრაინას. ჩვენი პროგნოზი ახდა, რომ პოლარიზაცია არათუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა. რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში პოლარიზაცია შემცირდა თუ არა, პირიქით - ვნახეთ დესტაბილიზაციის მცდელობები - შარშან, ივნისის აქციები, ახლა მარტის აქციები. პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მონაწილეობა 12 რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. შესაბამისად, ჩვენი პასუხი, რაც ევროპელ პარტნიორებს გავუზიარე, არის შემდეგი - თუ ევროპას, ევროპელ პარლამენტარებს და კოლეგებს, რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ. ეს მოხსნის კითხვებს, სპეკულაციებს, დაასრულებს მათ [ოპოზიციის] დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.