"მეხუთე კოლონის“ მიზანია ქვეყნის განადგურება, ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას კითხვას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხებოდა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, წარსულის დაბრუნება ქვეყანაში სწორედ ე.წ. მეხუთე კოლონას სურს, რაც არ მოხდება.
„წარსულში ხართ თქვენ ჩარჩენილები, თქვენ გინდათ წარსულის დაბრუნება საქართველოში, რომელიც არ მოხდება! თქვენც ხართ მართული, დაკავშირებული დესტრუქციულ, რადიკალურ ძალასთან, რომელიც არის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პარტია. თუ გაინტერესებთ ჩვენი მომავლის ხედვები, შეგიძლიათ გვისმინოთ, უსმინოთ მინისტრებს, დეპუტატებს მომავლის ხედვებზე, გეგმებზე, ამბიციურ პროექტებზე, რომელსაც ვახორციელებთ, განვახორციელებთ თქვენ გარეშე. თქვენ მინდა გიპასუხოთ ქალბატონო თეონა, თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე, არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობას.
მტრობაა ის, როცა ბრიუსელში დადიოდა თავად სააკაშვილი, ბაქრაძე და სხვები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის მტრობა და ამ მტრობაში ჩართული გყავთ თქვენ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით ასრულებენ ამ დაკვეთას. ეს არის პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. თქვენ გვიპასუხეთ, რას აკეთებთ თქვენს ერთადერთ რეკომენდაციაზე, რას აკეთებთ იმისთვის, რომ შეამციროთ პოლარიზაცია? - არაფერს, პირიქით, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოთ ქვეყანაში და თქვენც ხართ მონაწილე ამ შეთქმულების“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.