მირჩა ჯოანა საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობს

NATO-ს გენერალური მდვნის მოადგილე, მირჩა ჯოანა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე წერს. ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო.

„მოხარული ვარ, რომ შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც NATO-საქართველოს კომისიის სხდომას შემოუერთდა, სადაც მოკავშირეებმა განიხილეს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს რეფორმების განხორციელების ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას“, - წერს მირჩა ჯოანა.


შეგახსენებთ, ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს.

მისივე თანახმად, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსისთვის, რაც ხაზგასმულია NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში. ისინი ასევე მიესალმნენ საქართველოს დიდი ხნის წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით NATO-საქართველოს პარტნიორობას, რომელიც NATO-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტის ფარგლებში ვითარდება.

NATO-ს მოკავშირეებმა ცნობად მიიღეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის ჩათვლით.

მოკავშირეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის განგრძობადი გამოწვევა.

მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯები საკვანძოა, რათა დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გამძლეობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გასაძლიერებლად.