ილია დარჩიაშვილი: რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა.

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, მინისტრმა დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ე.წ. შუა დერეფნის როლი აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტური ტრანსპორტირების კუთხით.

„საქართველომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სანდო პარტნიორობა და მაქსიმალურად შეუწყო ხელი გაზრდილი ტვირთნაკადის უსაფრთხო, სტაბილურ და დროულ გადაზიდვას, დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სანქციების სრული დაცვით.

აგრეთვე, განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოიყოს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. როგორც ცნობილია, 2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის პირველმა პირებმა, ხელი მოაწერეს ქართული მხარის ინიციატივით დაწყებულ ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით შესაბამის შეთანხმებას.

აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო არამხოლოდ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ქვეყანაში წარმოებული განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ხდება.

აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი, ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია და შეტანილია ე.წ. „დაკავშირებადობის“ საფლაგმანო პროექტების ნუსხაში, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის რეალიზაციის მიზნით.

ალტერნატიულ დერეფნებთან მიმართებაში, საქართველოზე გამავალი დერეფნების კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების/მარშრუტების ოპტიმიზაცია, მათი გამტარუნარიანობის ზრდა და უსაფრთხო, შეუფერხებელი გადაზიდვებისათვის საჭირო დროის შემცირება. მნიშვნელოვანია დაგეგმილი დერეფნების, განსაკუთრებით კი კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის დროული ამოქმედება.

ზემოხსენებული გათვალისწინებით, სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიები, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას და პოპულარიზაციას (მათ შორის სატრანსპორტო მარშრუტი „ლაპის ლაზული“, TRACECA, კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ფოთის ახალი ტერმინალი, ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალი და სხვ).

ამ მიზნით, მიმდინარე წელს გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელშიც სამინისტრომ და საქართველოს საელჩოებმა მონაწილეობა მიიღეს ან ხელი შეუწყვეს ქვეყნის უწყებების მონაწილეობას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


რაც შეეხება მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტს, დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მუდამ გვევლინებოდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის/თანაცხოვრების მომხრედ და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება.

„ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელს შორის, რომელიც მიმართულია, როგორც მთლიანობაში ნდობის აღდგენისკენ, ასევე, ნებისმიერი პრაქტიკული საკითხის გადაჭრისკენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ინიციატივა უმასპინძლოს მსგავს დიალოგს საქართველოში. ეს შესაძლებლობა/შეთავაზება კვლავ ღიაა და მზად ვართ პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად.

მოგეხსენებათ, ქართული მხარის შუამავლობით, 16 ივლისს, თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების ორმხრივი შეხვედრა. ასევე, აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების დროს დაკავებული 15 სომეხი სამხედრო ტყვე საქართველოს შუამავლობით, პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობით და კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის ინტერესების დაცვით გაათავისუფლა.

მივესალმებით ჩვენი პარტნიორების შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმოებულ დიალოგს და ვთვლით, რომ დიალოგი არის პერსპექტიული როგორც ნდობის აღდგენის, ასევე პრობლემური საკითხების გადაჭრის კუთხით და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები.

ხაზგასასმელია სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ტრანზიტული კომუნიკაციის სფეროში. მივესალმებით მეზობელ ქვეყნებში ახალი ეკონომიკური პროექტების, განხორციელებას და ვთვლით, რომ ახალი პროექტების იმპლემენტაცია განამტკიცებს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნით დაინტერესებას, როგორც აზიის, ასევე, ევროპის ქვეყნების მხრიდან, ხოლო ჯანსაღი კონკურენცია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო და მომსახურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველო ამ მიმართულებით უკვე მონაწილეობს რეგიონის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. აღნიშნული პროექტები ატარებს წმინდად ეკონომიკურ ხასიათს და ამასთან გევლინება პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითად.

რაც შეეხება კითხვას ოკუპირებუ ლიაფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ზემოხსენებულ სატრანსპორტო კორიდორებში ჩართვასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მცდელობა ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად უნდა განვიხილოთ, როგორც მისი ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება.

„მსგავსად, რუსეთის ცდილობს ოკუპირებული რეგიონებში საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ წარმოაჩინოს, ასეთი ფორმით მიმდინარე უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს და აიცილოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების ვალდებულება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.