პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„რუსულმა ოცნებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამდივნოს წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის წინააღმდეგ აბსოლუტურად კომიკური, ყოველგვარ ადამიანურ ზღვარს გადასული, ღიად იაფფასიანი და კანონგარეშე პროვოკაცია მოაწყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „რუსულ ოცნებას“ არ შერჩა არანაირი მენტალური და მორალური რესურსი, ყოვლად ამაზრზენი, ძალადობრივი და უკანონო პროვოკაციების გარეშე განაგრძოს არსებობა.
ამ ფაქტმა გვაჩვენა, რომ მათ არ აქვთ არანაირი მორალური და კანონისმიერი მუხრუჭი. ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის საეჭვო რეპუტაციის ირგვლივ მიმდინარე დისკუსიის გადასაფარად, ამავე პროპაგანდისტის მითითებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მზად არიან, სრულიად უკანონოდ შეუვარდნენ სახლებში ყველას, ყოველ მიზეზ გარეშე. ხელისუფლების მდგომარეობის დამძიმება უკავშირდება მათი მხრიდან იმის გააზრებას, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, მათ ვერ გატეხეს ქართული საზოგადოება და საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს!
7-10 მარტის მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ საქართველოში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, პროტესტმა აჩვენა, რომ ქართველი ხალხის ნებაა საქართველო ევროპაში! შევიკრიბოთ 9 აპრილს, 17:00 საათზე, პარლამენტის წინ. ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! ვუთხრათ არა რუსული სტილის პროვოკაციებს და ძალადობას! გავიყვანოთ საქართველო სამშვიდობოს, შევიყვანოთ საქართველო ევროპაში!“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, ადგილზე მყოფ „პოსტივის“ ჟურნალისტს, ნათია ბერიძეს დიმიტრი Ჩიქოვანი ფიზიკურად გაუსწორდა. მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.