უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს „სიტუაციის სტაბილიზაცია“ დონეცკის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბახმუტის გარშემო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა გრძელდება რაიონში, მისი ინტენსივობა შემცირდა.
პრესსპიკერის თქმით, ბახმუტის ფრონტზე თავდასხმების რაოდენობა შემცირდა, რაც შესაძლოა, იმაზე მიუთითებს, რომ რუსული ძალები რეზერვების გადაადგილებას ახდენენ.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ გაზარდა საარტილერიო აქტივობა ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებით. ბახმუტისთვის ბრძოლა ბოლო რვა თვეა, მძვინვარებს, ორივე მხარეს დიდი დანაკარგები აქვს. უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ბახმუტიდან გასვლის გეგმა არ არსებობს.