საქართველოში პირველად, ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით, ამერიკულმა გიგანტმა კომპანია CHEVRON-მა ყაზახეთიდან მომავალი საკუთარი მშრალი ტვირთი გადაზიდა.
Wondernet Express Investment Group-ი, რომელიც ტვირთების გადაზიდვას ცენტრალური აზიიდან უზრუნველყოფს, პირველი კომპანია გახდა, რომელმაც ამერიკული კომპანია CHEVRON-ის კუთვნილი ტვირთი შუა დერეფნის გავლით გაატარა.
Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორის, მამუკა მურჯიკნელის განცხადებით, ეს დიდი მიღწევაა რეგიონისთვისაც.
„ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენ ვართ პირველი კომპანია, რომელმაც გაატარა ამერიკული კომპანია CHEVRON-ის კუთვნილი ტვირთი შუა დერეფანში, რაც ჩვენს პარტნიორ Tramo-სთან ერთად დიდი მიღწევა იყო არამარტო ჩვენი კომპანიისთვის, არამედ ჩვენი რეგიონისთვის.
პირველად მოხდა, რომ CHEVRON-მა თავისი ტვირთი, რომელიც ყაზახეთიდან მოდის, გამოატარა ჩვენს დერეფანში. მოგეხსენებათ, ჩვენ ძირითადად სასუქებზე ვმუშაობთ. უნდა აღინიშნოს, რომ CHEVRON და Tramo დიდი ხნის პარტნიორები არიან და კიდევ უფრო გვახარებს ის ფაქტი, რომ ასეთი მსხვილი ამერიკული კომპანიები ჩვენს რეგიონში გადმოერთნენ“, - განაცხადა მამუკა მურჯიკნელმა BMGtv-ს ეთერში.
შუა დერეფნის მიმზიდველობაზე საუბრისას, მამუკა მურჯიკნელმა მეტი ინვესტიციის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„კიდევ უფრო უნდა გავფართოვდეთ, უფრო მეტი ინვესტიცია უნდა განვახორციელოთ. აუცილებელია, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტ ტვირთს მოემსახუროს. ამ მიმართულებით ვმუშაობათ პარტნიორებთან ერთად“, - აღნიშნა მამუკა მურჯიკნელმა.
ცნობისთვის, საქართველოს ამ დღეებში სტუმრობდა Tramo-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი, ედვარდ ვაინერი. მისი შეფასებით, მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა.
„როდესაც პირველად ჩავერთეთ ამ პროექტში, ჩვენს პარტნიორ Wondernet Express Investment Group-თან ერთად, იდეა იყო ის, რომ გაგვეხსნა აბრეშუმის გზა და გამოგვეყენებინა შესაძლებლობა მაქსიმალურად, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან შემოგვეტანა პროდუქტი, რომელიც აწყდება დიდ დაბრკოლებას. ეს არის ნედლეული, რომელიც ბაზრამდე უნდა მივიდეს ეფექტური გზებით.
იდეა იყო ის, რომ ტვირთი კასპიის ზღვაში შეგვეტენა აზერბაიჯანის გავლით, მანქანების გადაზიდვით, შემდეგ საქართველოს გავლით, ჩვენი ახალი ტერმინალის გავლით ბათუმში. ეს ტვირთი, CHEVRON-ის პროდუქტი, რომელიც გავგზავნეთ, ჩინეთში ჩადის, ეს არის ყველაზე მსხვილი ტვირთი, რომელიც საქართველოში დაფიქსირდა - 46 000 ტონა“, - განაცხადა ვაინერმა.