- ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამჟამინდელ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ.
CNN-ის ცნობით, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის 45-ე პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას. ადვოკატის თქმით, ტრამპი სასამართლოს წინაშე მომავალი კვირის დასაწყისში წარდგება, სადაც ბრალს წაუყენებენ.
ტრამპი პასუხობს ბრალდებას და მას "პოლიტიკურ დევნას" უწოდებს.
საბრალდებო დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ბრალდებები ამ დროისთვის საჯაროდ ცნობილი არ არის, განუცხადა წყარომ CNN-ს.
მანამდე, მედიაში გავრცელებული დეტალების მიხედვით, დონალდ ტრამპმა პორნომსახიობ სტორმი დენიელს 2016 წლის არჩევნების დროს, 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ არ ესაუბრა ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი ამ ბრალდებას უარყოფს.