საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე, საქართველოს სახელით მხარი დაუჭირა „ნულოვანი ნარჩენის (ZeroWaste )“ ინიციატივას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრა გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 77/161 რეზოლუციის საფუძველზე „ნულოვანი ნარჩენის (ZeroWaste )“ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა და თურქეთის მხარის მიერ იყო ინიცირებული. ინიციატივას მხარი 105 ქვეყანამ დაუჭირა.
„საქართველოსთვის „ნულოვანი ნარჩენის“ მიდგომის დანერგვა ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ნარჩენების მართვის სექტორის რეფორმის ძირითადი ფოკუსია ნარჩენების პრევენციის მიმართულებით მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. „ნულოვანი ნარჩენის“ ინიციატივის მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყანა უერთდება საერთაშორისო საზოგადოების განცხადებას და მოწოდებას უფრო აქტიურად და ერთობლივი ძალისხმევით გავუმკლავდეთ პლანეტის სამმაგ კრიზისს – ბიომრავალფეროვნების კარგვას, კლიმატის ცვლილებას და დაბინძურებას. „ნულოვანი ნარჩენის“ მიდგომა ახალ შესაძლებლობას უქმნის ბიზნეს სექტორს უნარჩენო და ცირკულარული წარმოების დანერგვის მხარდასაჭერად“,- განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
სოლომონ პავლიაშვილმა „ნულოვანი ნარჩენის (ZeroWaste )“ კონცეფციის დასანერგად ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორცილების აუცილებლობაზე ისაუბრა ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, სადაც მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომლის აქტიური მონაწილე საქართველოც იქნება.