არაერთი წყაროს თანახმად, ევროკომისია მზადაა, 2023 წლის ოქტომბერში გასცეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიცემის რეკომენდაცია. ამის შესახებ რადიო თავისუფლება წერს.
ბრიუსელში რადიო თავისუფლების წყაროების თანახმად, ამ მზაობას თან ახლავს არაოფიციალური დათქმა, რომ საქართველო ამ 6-თვიანი პერიოდის განმავლობაში არ გადადგამს მორიგ ნაბიჯს ევროკავშირისგან დისტანცირებისთვის და რეფორმებზე მუშაობას გააგრძელებს.
წყაროების თანახმადვე, ოქტომბერში, ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ მორიგი ანგარიშების გამოქვეყნების ფონზე, ევროკომისია გასცემს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას.
„ევროკავშირის ინსტიტუტები, ისე, როგორც წევრი ქვეყნები, რომლებმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მომხრენი არიან 2023 წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში გახსნან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან. თუმცა ეს გზა შესაძლოა, დიდხანს გაგრძელდეს“, - ამბობენ ევროკავშირის ოფიციალური პირები რადიო თავისუფლებასთან.