იმედი მაქვს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას - ჰერჩინსკი

მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე - იმედი მაქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

“მიმდინარეობს მუშაობა 12 პრიორიტეტის განხორციელებაზე. პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენ პროგრესს მიმდინარე წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 წევრი სახელმწიფო შემდგომი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებას დეკემბერში მიიღებს. იმედი მაქვს, ეს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება.

იმედი მაქვს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, მაგრამ ეს არ არის გზის დასასრული, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოხდება, ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. გადასადგმელი იქნება კიდევ ბევრი ნაბიჯი. ჩვენ, ევროკავშირის დელეგაცია აქ იმ მიზნით ვიმყოფებით, რომ მეგზურობა გავუწიოთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს საქართველოს უამრავ სარგებელს მოუტანს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, ნიშნავს მშვიდობას, ნიშნავს კეთილდღეობას, ნიშნავს ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას, ეს მოითხოვს ყველა ეროვნული ძალის ერთობლივად მუშაობას კომპრომისის სულისკვეთებით, ინკლუზიურობის სულისკვეთებით, კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. ასე რომ, მუშაობა მიმდინარეობს და ვნახავთ. გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე“, - აღნიშნა ელჩმა.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.