სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო - კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩაერთო.

„რადიკალური ოპოზიცია ვერც მალავს, პირდაპირ აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აგიტაციას. ამ აგიტაციას, თქვენ ნახეთ, შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღის წინ, როდესაც მას საქართველოს პარლამენტში მოხსენება ჰქონდა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. ისიც ჩაერთო კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგო კამპანიაში. ისინი არ მალავენ საკუთარ სურვილს.

ერთადერთი ინტერესი არის, კანდიდატის სტატუსის საბაბად გამოყენება ქვეყნის ასარევად. ეს ინტერესი აქვთ საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას და იგივე ინტერესი აქვთ მათ პატრონებს. მათ ვუწოდებთ ხოლმე ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“. არის გარკვეული გლობალური ძალა, რომელსაც აქვს ინტერესი, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდეს. ჩვენი ინტერესია, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოში იყოს მშვიდობა, შესაბამისად, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება ამ მიზნისთვის,“ - განაცხადა კობახიძემ.


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.