რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი „ვაგნერის“ დაქირავებულ ჯგუფთან მიმდინარე დაძაბულობის ფონზე, შესაძლოა, სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორებთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო 4 აპრილის დაზვერვის განახლებაში წერს.
ვაგნერის დაქირავებულები აქტიურ საბრძოლო ზონებში, მაგალითად, როგორიცაა ბახმუტი რუსული ძალების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ.
ვაგნერი მონაწილეობდა იმ რამდენიმე ოპერაციების უმეტესობაში, რომელიც რუსეთმა განახორციელა ბოლო თვეებში, როგორიცაა სოლედარის აღება დონეცკის ოლქში. უკრაინამდე რუსეთი „ვაგნერს“ ასევე იყენებდა სირიასა და აფრიკაში. ისინი ეჭვმიტანილნი არიან ომის არაერთ დანაშაულში.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორებთან ურთიერთობების გაღრმავების მიზანი ადგილზე მყოფ მებრძოლებზე კონტროლის გაზრდაც იქნება.
საგულისხმოა, რომ პრიგოჟინმა არაერთხელ საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმის გამო, რომ არ მიაწოდა საკმარისი საბრძოლო მასალა მის სამხედროებს. ვაგნერის დაქირავებულები ასევე დიდ დანაკარგებს განიცდიან ბრძოლის ველზე. არცერთი სხვა კერძო სამხედრო კონტრაქტორი რუსეთში ამჟამად არ იმეორებს „ვაგნერის“ საბრძოლო გამოცდილებას და ვერც უტოლდება მის რაოდენობას.
ამის მიუხედავად, რუსეთი სავარაუდოდ დაიწყებს უფრო მეტად დაეყრდნოს კერძო სამხედრო კონტრაქტორებს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ კერძო სამხედრო კომპანიების გამოყენებას მომგებიანად მიიჩნევს რამდენიმე მიზეზით, მათ შორის იმის გამოც, რომ რეგულარული არმიის დანაყოფებზე უფრო ეფექტიანი არიან და ადგილობრივი საზოგადოება კერძო სამხედრო კომპანიების პირად შემადგენლობაში დიდ დანაკარგებს ნაკლებად განიცდის, ვიდრე შეიარაღებულ ძალებში.