სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბარი სპეკულაციებია - თალაკვაძე

სახალხო დამცველის ფარგლებში შექმნილი კონსილიუმი მოქმედებს საჯარო მანდატით. მათ ღიად აქვთ გაცხადებული, რომ მათი საქმიანობის მიზანია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგი და მისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„გვაინტერესებს, თუნდაც ბოლო ვიზიტის შემდეგ კონსილიუმმა რა დანიშნულება მისცა პაციენტს და ის ასრულებს თუ არა დანიშნულებას? შეიძლება, გვიპასუხონ, რომ დაცულია პაციენტის ჯანმრთელობის ინფორმაცია და მიხეილ სააკაშვილის ოჯახსა და მის გარემოცვას მოვუწოდებთ, ამ კითხვებს მაინც უპასუხოს კონსილიუმმა. სხვა მხრივ, როცა სააკაშვილი კვებაზე თავად უარს ამბობს, მის ჯანმრთელობაზე საუბარი სპეკულაციებია. ხელისუფლებას პაციენტი საუკეთესო კლინიკაში ჰყავს განთავსებული და პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, სრულყოფილად არ იკვებება“, – განაცხადა თალაკვაძემ.


შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს.

უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.