- პროკურატურის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტაციის მრავალჯერადად გაყალბებაშია ბრალდებული
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს თითქმის ერთი საათის შემდეგ ტოვებს. ამის შესახებ მსოფლიოს მედიასაშუალებები წერენ. ტრამპი უკვე ფლორიდაში გაემგზავრა.
დონალდ ტრამპის 34-პუნქტიანი ბრალდება მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრაგმა გამოაქვეყნა. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ ცნობს.
პროკურორის თქმით, საუბარია 2016 წლის არჩევნების წინ, ტრამპის ადვოკატ მაიკლ კოენის მიერ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელსისთვის გადახდილ თანხაზე, რათა ამ უკანასკნელს ტრამპთან წარსული სექსუალური კავშირის შესახებ საჯაროდ არ ესაუბრა.
პროკურორის თქმითვე, მოგვიანებით, ტრამპმა ეს თანხა – 130 000 დოლარი კოენს დაუბრუნა. დონალდ ტრამპი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ის ადვოკატს იურიდიული მომსახურებისთვის უხდიდა თანხას, პროკურორი სიცრუეს უწოდებს. პროკურატურის ვერსიით, ტრამპმა დენიელსს თანხა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის განკუთვნილი ფინანსებიდან გადაუხადა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ასევე პროკურატურის განცხადებით, დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე განზრახ გააყალბა ფინანსური დოკუმენტაცია, რათა ამომრჩევლებისთვის 2016 წელს ინფორმაცია დაემალა.
„პროკურატურა ვერ დაუშვებს, რომ ნიუ-იორკში ბიზნეს დოკუმენტაცია გაყალბდეს დანაშაულის დაფარვის მიზნით“, - წერია განცხადევაში.
ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ ან ყოფილ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარუდგინეს.
დონალდ ტრამპის საქმეზე შემდეგი მოსმენა 4 დეკემბერს გაიმართება.