ლაშა დარსალია: ჩვენი პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა არის მთავარი, რაც აიძულებს რუსეთს, დღეს იქნება თუ ხვალ, შეასრულოს თავისი ვალდებულებები

„ჩვენი პარტნიორების პოზიცია და ძლიერი მხარდაჭერა არის მთავარი, რაც აიძულებს რუსეთს, დღეს იქნება თუ ხვალ, შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ დისკუსიების ეს რაუნდი რთული იქნება.

„გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამართვა. აღნიშნული პირველ რიგში ხაზს უსვამს, რომ საქართველო- რუსეთის კონფლიქტი არის საერთაშორისო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი და რომ პარტნიორების მხრიდან ჩვენ გვაქვს მტკიცე მხარდაჭერა. იმ ფონზე, რომელზეც ეს რაუნდი იმართება, გვაქვს მოლოდინი, რომ იქნება რთული რაუნდი. მოგეხსენებათ, ორ ძირითად ჯგუფში მიმდინარეობს მუშაობა – უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ჯგუფებში. შესაბამისად, უსაფრთხოების მიმართულებით ძირითადი საკითხები იქნება ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება – ძალის არგამოყენება, საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძალების გაყვანა ომამდელ ხაზზე. ჰუმანიტარულ ჯგუფში მთავარი საკითხი არის დევნილთა დაბრუნება, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და სხვადასხვა ტიპის დარღვევები, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, რომელიც ხდება უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელი პასუხისმგებლობა ცალსახად ეკისრება რუსეთის ფედერაციას და ეს არის არამხოლოდ პოლიტიკური განცხადება, არამედ უკვე რამდენჯერმე იურიდიულად დამტკიცებული ფაქტიცაა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ.

„შესაბამისად ხაზი მინდა, გავუსვა, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. დიახ, ადამიანის უფლებათა საკითხებს რუსეთის ფედერაცია ყოველთვის იყენებს როგორც ზეწოლის მექანიზმს. უკანონო ბორდერიზაციები, უკანონო დაკავებები, ადამიანია უფლებათა მთელი რიგი დარღვევები გალში, ახალგორში, მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ცალსახად ემსახურება ერთ მიზანს, რომ გამოყენებული იყოს, როგორც ზეწოლის მექანიზმი. ამ კონტექსტში რასაც ხაზი მინდა, გავუსვა, არამარტო ჰუმანიტარულ კონტექსტში, არამედ, პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხებში მთავარი არის ჩვენი პარტნიორების პოზიცია და გართულებული უსაფრთხოების ფონზე, კიდევ უფრო ძლიერი მხარდაჭერა. ეს არის ის მთავარი, რაც აიძულებს რუსეთს, დღეს იქნება თუ ხვალ, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საერთაშორისო სამართლის მიმართ და აიღოს პასუხისმგებლობა, რომელიც მას ეკისრება უშუალოდ იქ არსებულ ვითარებაზე“, – აღნიშნა ლაშა დარსალიამ, რომლის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.