კრამერი აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების სანქცირებაზე: მკაფიო სიგნალია მათთვის, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული

„ესაა მკაფიო სიგნალი მათთვის, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები კი, ვინც დღეს აქ ნახსენები არაა, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ“, - ამბობს ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის დირექტორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი ამერიკის დიპლომატიური უწყების 5 აპრილის გადაწყვეტილებაზე.

„ეს აჩვენებს მზარდ შეშფოთებას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოში არსებული სიტუაციის თაობაზე და უგზავნის მკაფიო სიგნალს მათ, ვინც ანტი-დემოკრატიულ და კორუფციულ საქმიანობაშია ჩართული, რომ ისინი ამისთვის საფასურს გადაიხდიან. სხვები, ვინც ამგვარ საქმიანობაში არიან ჩართულნი და არ არიან დღეს აქ ნახსენები, ამას ძალიან ყურადღებით უნდა დააკვირდნენ“, - მიიჩნევს კრამერი და იქვე განმარტავს, რომ ხალხს უნდა ესმოდეს: ეს არაა ქვეყნის, ან ქართველების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

„ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არაა სანქციები საქართველოს ან ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ესაა მიზანმიმართული სანქციები იმ კონკრეტული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს მცდარი გზით წაყვანაზე. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირიც იგივეს გააკეთებს“, - ამბობს დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან.


ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ამერიკაში შესვლა აეკრძალა ოთხ მოსამართლეს და მათი ოჯახის წევრებს. ესენი არიან:

  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი - ლევან მურუსიძე;
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე, უვადოდ დანიშნული მოსამართლე - მიხეილ ჩინჩალაძე.
  • თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის - ჩინჩალაძის - მოადგილე, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი - ირაკლი შენგელია.
  • ყოფილი მოსამართლე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი - ვალერიან ცერცვაძე.