დაახლოებით 9000 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში - „Defender 23“, რომელიც 22 აპრილს დაიწყება. ინფორმაცია პენტაგონის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
მისი მიხედვით, წვრთნები Defender 2023, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის არმია ევროპასა და აფრიკაში, 2021 წლიდან ტარდება.
წვრთნები შექმნილია აშშ-ის არმიის უნარის დემონსტრირებისთვის, სწრაფად განათავსოს საბრძოლო სანდო ჯარები და აღჭურვილობა. ასევე იმისთვის, რომ დაარწმუნდნენ მოკავშირეები, მათ შესწევთ უნარი, დაიცვან კონტინენტი აგრესიისგან და მათგან, ვინც საფრთხეს უქმნის მშვიდობას ევროპაში.
წვრთნები ასევე ასახავს ევროპული ქვეყნების ვალდებულებას, გაზარდონ საკუთარი სამხედროების მასშტაბები, შესაძლებლობები და თავსებადობა.
წვრთნებში დაახლოებით 9000 ამერიკელი ჯარისკაცი და დაახლოებით 17000 ჯარისკაცი 26 მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნიდან მიიღებს მონაწილეობას და წვრთნების ნაწილი ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში გაიშლება.
შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ: ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, კოსოვა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი.
წვრთნების მხარდასაჭერი აღჭურვილობის ჩატანა ესპანეთში ამ კვირაში უკვე დაიწყო.