ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღეცაა, შემთხვევითი არ იყო დამთხვევაც - 9 აპრილი ხომ სამშობლოს სიყვარულსა და მის დამოუკიდებლობას თავშეწირული გმირების დღეა... იმ საოცარი თანამოქალაქეების დღე, ტანკებს, ტყვიებს რომ ეგებებოდნენ შეძახილით - გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტიც მათზე დგას ზუსტად, მათ ეძღვნებათ, ქვეყნის თავისუფლებას შეწირულ ადამიანებს, ჩვენთვის ცნობილ თუ უცნობ გმირებს, იქნება ეს ისტორიის უფრო შორეული წარსულიდან თუ 9 აპრილის დღიდან, ანწუხელიძეს, სოფრომაძეს, და სხვათა და სხვათა...
ყველას, ვინც ჩვენს თავისუფლებას თავი შესწირა...ჩვენი უკეთესი მომავლისთვის თავი გადადო. მთელი ჩვენი ისტორიაც სულ თავისუფლებისთვის ბრძოლაა, სწორედ ეს გამოგვარჩევდა და გადაგვარჩენდა კიდეც ... რადგან ღირებულებისთვის ბრძოლა წაუგებელი ბრძოლაა.
9 აპრილი, რეფერენდუმი, შემდეგ დამოუკიდებლობის აქტის მიღება, ამ ყველაფრის მთავარი მუხტი და განწყობა კი იყო ჩვენი ქართველი ხალხის ერთიანობა, ეროვნული თანხმობა ჩვენს საერთო მომავალზე. ჩვენი საერთო მომავალი კი ცივილიზებულ სამყაროშია, სადაც ქვეყნები და ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის თავისუფლებას, სუვერენიტეტს, საზღვრებს, ფასეულობებსა და ღირებულებებს, სადაც დაცულია და ხელშეუხებელია ადამიანის უფლებები.
- P.s. მე ყოველთვის მეამაყებოდა, რომ მამა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერია...მისი არჩევანი, სწორ მხარეს დგომის და ყოფნის უალტერნატივობა, მისი პრინციპები ,ჩემთვის ძალიან ძვირფასია, საამაყო და საპასუხისმგებლოც ამავდროულად.
#მადლობა თავისუფლებისთვის #წინ ევროპისკენ