„დაე, უფალმა ანუგეშოს დაჭრილები და ყველა, ვინც ომის გამო საყვარელი ადამიანები დაკარგა... დაე, პატიმრები დაბრუნდნენ სახლებში და მთელი საერთაშორისო საზოგადოება გლობალურად ომის დასასრულებლად იბრძოდეს“, - რომის პაპმა ფრანცისკემ წმ. პეტრეს მოედანზე, აღდგომის საზეიმო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ვატიკანში შეკრებილ დაახლოებით 100 000 მორწმუნეს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან, ტრადიციული სააღდგომო სიტყვით "Urbi et Orbi" ("ქალაქსა და მსოფლიოს") მიმართა.
პაპმა ფრანცისკემ მოწყვლადი ადამიანებისთვისაც ილოცა. შიმშილის, ნარკომანიის, ადამიანებით ვაჭრობისა და მონობის ყველა სხვა ფორმის მსხვერპლთათვის დახმარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
- „დაე, უფალმა ნუგეში მისცეს ლტოლვილებს, დეპორტირებულებს, პოლიტპატიმრებსა და მიგრანტებს
რომის პაპმა დახმარება ითხოვა ჰაიტისთვისაც, სადაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. ილოცა ტუნისისთვის, ისევე როგორც, საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლთა ნუგეშისცემისთვის, განსაკუთრებით ბურკინა ფასოში, მალიში, მოზამბიკსა და ნიგერიაში. ახსენა სირია, ილოცა ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის დიალოგის განახლებისთვის; ლიბანის დახმარებისთვის, რომელიც სტაბილურობისა და ერთიანობის აღსადგენად იბრძვის. მან სააღდგომო გზავნილში მიანმარიც ახსენა. ყურადღება გაამახვილა ნიკარაგუასა და ერიტრეაში ქრისტიანების მდგომარეობაზეც.
- „დაე, უფალმა მხარი დაუჭიროს მშვიდობისა და შერიგების ძალისხმევებს ეთიოპიაში, სამხრეთ სუდანსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“