წერეთლის გამზირზე, სადაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, წინასწარ ვამბობთ ამას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, წერეთლის გამზირზე, სადაც სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ ჩვენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვიწყებთ, ძალიან დიდი პრობლემები იქნება ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, როგორც კერძო ავტომობილებისთვის, ასევე ავტობუსებისთვის.
წინასწარ ვამბობთ ამას, რადგან სხვანაირად შეუძლებელია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია და როდესაც იქ ამ მასშტაბის და ამ ტიპის სამუშაოები წარიმართება, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუშლის გადაადგილებას და ზემოქმედება ექნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახავთ გადაჭედილ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გადაჭედილ გაჩერებებს, მაგრამ ეს ყველაფერი დროებით. როდესაც სამუშაოები დამთავრდება, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება გამტარუნარიანობისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომფორტულობის თვალსაზრისით“, - განაცხადა კალაძემ.