მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას და NATO-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს, სასამართლოს მიმართ ნდობა ისტორიულ მაქსიმუმზეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ, უზენაეს სასამართლოში, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმისა, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. ეს ერთი, და მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ იყოთ კორექტულნი და კორექტულად მიმართოთ ადამიანებს და მოქალაქეებს. მართლმსაჯულების ინდექსის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა, და მათ შორის კორუფციის აღქმის რეიტინგებში 11 ევროკავშირის წევრ ქვეყანას და 13 ნატოს წევრ ქვეყანას უსწრებს.
სასამართლოს მიმართ ნდობა ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, მეგობრებო, არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ისტორიულ მაქსიმუმზე, რაც არ იყო თქვენი ტელევიზიის მეპატრონის მმართველობის დროს. მაშინ იყო თითქმის ნულზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე, როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული ნებისმიერი ჩარევისგან როგორც მთავრობის, თუ მთავრობის წევრების, როგორც საშინაო თუ საგარეო ჩარევებისგან. მე მგონი ყველაფერი გასაგებია“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.