ილჰამ ალიევი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
თოყაევის თქმით, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს ვაჭრობის მოცულობის 1 მილიარდ დოლარამდე გასაზრდელად, სერიოზული პოტენციალი აქვთ.
„სავაჭრო ბრუნვა 40%-ით გაიზარდა და ნახევარ მილიარდ დოლარს მიაღწია. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი შედეგია. დარწმუნებული ვარ, რამდენადაც ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი სრულად არის განვითარებული, ჩვენ შევძლებთ ამ მაჩვენებლის 1 მილიარდ დოლარამდე აყვანას. ამისათვის ჩვენ გვაქვს სერიოზული რეზერვები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, IT, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და სხვა“, - განაცხადა თოყაევმა.
მისივე თქმით, ყაზახეთი ყველა შესაძლო ნაბიჯს დგამს აზერბაიჯანთან სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროებში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის გასავითარებლად.
„ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ძალიან სერიოზულ სამუშაოზე, რათა განვავითაროთ ეკონომიკური ურთიერთქმედება და თანამშრომლობა აზერბაიჯანთან, რომელიც წამყვან როლს ასრულებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. ჩვენ შორის არანაირი პრობლემა არ არის. არსებობს მხოლოდ ამ მიმართულებით წინსვლის სურვილი“, - განაცხადა თოყაევმა.