სამხრეთ კორეა აცხადებს, რომ აშშ-ის გაჟონილი დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ ყალბია

სამხრეთ კორეამ სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის გაჟონილი დაზვერვის დოკუმენტების „მნიშვნელოვანი ნაწილი“, რომელიც მიუთითებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თაობაზე სეულის შეშფოთებაზე, ყალბია. ამის შესახებ France24 წერს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რომ სამხრეთ კორეისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრები შეთანხმდნენ, რომ „დოკუმენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ფაბრიკაციაა“.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სოკ იოლის ოფისმა 11 აპრილს განაცხადა, რომ დოკუმენტების უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა.

ხსენებული დოკუმენტები ნაწილია უფრო ფართო მასშტაბის გაჟონვისა, რომელიც პენტაგონმა შეაფასა, როგორც „ძალიან სერიოზული“ რისკი ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

მედია წერს, რომ ზოგიერთი ფაილი შეიცავს სამხრეთ კორეის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენელთა შეშფოთებას, რომ სამხრეთ კორეაში ნაწარმოები იარაღი საბოლოოდ შეიძლება, მოხვდეს უკრაინაში, რაც ეწინააღმდეგება სეულის პოლიტიკას, იარაღი არ მიაწოდოს მეომარ ქვეყნებს.

აშშ-ისა და NATO-ს საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ეხება უკრაინის კონტრიერიშს, იარაღის მიწოდებას, ჯარების რაოდენობას, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს, მარტში გამოჩნდა ინტერნეტში. გამოცემა Politico წერს, რომ გაჟონვას მოჰყვა კრიზისი აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის ურთიერთობებში.

წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ აშშ-ის დაზვერვის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და პენტაგონის მაღალი რანგის თანამშრომლები დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს სხვა ქვეყნებში, რათა გაექარწყლებინათ სადაზვერვო მასალების გამოქვეყნების თაობაზე გაჩენილი შეშფოთება.

პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ამოწმებს გაჟონილი დოკუმენტების ნამდვილობას, რათა შეაფასოს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამან აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე. გამოძიებას აწარმოებს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.