მსოფლიო ბანკი უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად $200 მილიონს გამოუყოფს

უკრაინა მსოფლიო ბანკისგან 200 მილიონი დოლარის გრანტს მიიღებს. თანხები ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. ამის შესახებ RBC-Ukraine პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ტელეგრამ არხზე დაყრდნობით იუწყება.

„დღეს მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა 200 მილიონი დოლარის გრანტის შესახებ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის პროექტისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, პროექტის მასშტაბების გაფართოებასთან ერთად გათვალისწინებულია პარტნიორებისგან დამატებითი დაფინანსების მიღება 300 მილიონ დოლარამდე ოდენობით გრანტებისა და სხვა სახის შენატანების სახით.

„უკრაინის აღდგენა წელს იწყება და ენერგეტიკა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. მსოფლიო ბანკიდან შემოსული თანხები მოხმარდება ელექტროქსელისა და სითბოს მიწოდების სისტემების აღდგენას კიევში, ხარკოვში, ნიკოლაევში, სუმიში და ჩერნიგოვის რეგიონის ქალაქებში“, - წერს შმიგალი.