ევროკავშირმა „ვაგნერსა“ და რუსულ პროპაგანდისტულ FAN-ს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა სანქციების სიაში დაამატა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ და რუსული მედია ორგანიზაცია FAN-ი, რომელიც დაკავშირებულია კრემლის მოკავშირე ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინთან.

ევროკავშირის გადაწყვეტილებაშია ნათქვამია, რომ „ვაგნერი“ სათავეში ჩაუდგა თავდასხმებს უკრაინის ქალაქ სოლედარსა და ბახმუტზე 2023 წლის იანვარში და აქტიურად მონაწილეობს რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ.

RIA FAN-ი არის Patriot Media Group-ის ნაწილი, რუსული მედია ორგანიზაცია, რომლის სამეურვეო საბჭოს ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობს.

როგორც ითქვა, RIA FAN-ი ჩართულია პრო-სამთავრობო პროპაგანდასა და დეზინფორმაციაში რუსეთის აგრესიული ომის შესახებ. RIA FAN მოიხსენიებს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომს, როგორც მისიას „უკრაინელი ნაცისტების" შესაჩერებლად და ხელს უწყობს „ვაგნერის“ მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

„ამიტომ RIA FAN-ი მხარს უჭერს პოლიტიკას, რომელიც ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.