მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენაზე ინფორმაცია არ დასტურდება

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

„ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა.

მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - "ვნუკოვოს" საიტზე აღარ იძებნება. კომპანიაში განმარტავენ, რომ ეს იყო ტექნიკური გაუმართაობით შექმნილი პრობლემა.

„ვნუკოვოს განრიგში ცვლილებები არ არის. ამ დროისთვის ტექნიკური ხარვეზი ფიქსირდება ტაბლოზე. ყველა საჭირო ზომა მიიღება მის აღმოსაფხვრელად", - აცხადებენ აეროპორტში რადიო თავისუფლების ცნობით.


ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განცხადება გაავრცელა. 

„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა.

ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ”, - აღნიშნულია განცხადებაში.


პირველად ინფორმაცია საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ თავის ტელეგრამ არხზე ერთ-ერთმა ბლოგერმა გაავრცელა და "ვნუკოვოს" აეროპორტის განრიგი გამოაქვეყნა.

            წინაისტორია


აშშ-ის გამოხმაურება

Europtime იყო პირველი გამოცემა, რომელთანაც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ თემაზე ისაუბრა.

Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მმართველი პარტიის რეაქცია

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმს მიესალმება.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება და რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაც რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

„ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. თავის დროზე სანქცია რუსეთმა დაუწესა საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუადვილდებათ მიმოსვლა საქართველოში. ეს იყო თავის დროზეც ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამას კონსულტაციები არ სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამინისტროს პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა გერმანული მედიის წარმომადგენლის კითხვას, რომელიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობასა და რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ დაწყებულ საუბრებს შეეხებოდა.

მინისტრ დარჩიაშვილის თმით, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ერთადერთია, სადაც საქართველო მის პარტნიორებთან ერთად რუსულ მხარეს ჰუმანიტარულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ესაუბრება.

„ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომუნიკაცია და სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ მთავარ მიმართულებაზე, ეს არის ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ეხება მოქალაქეებს და მეორე, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოგვცეს კონკრეტული შედეგები", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.

საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან.

„ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა 20 იანვარს მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.