გუბერნატორი: აღდგომის ღამეს რუსებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, დაზიანდა ტაძარი - ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა

უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ აღდგომის ღამეს რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქზე მასიური თავდასხმა მოაწყვეს, რის შედეგადაც რამდენი ქალაქი დაზარალდა. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს განცხადებით, რუსული ძალები ზაპოროჟიეს ოლქზე შეტევას აგრძელებენ. მან მოსახლეობას მოუწოდა, გამოიჩინონ სიფრთხილე და იზრუნონ საკუთარ თავსა და ახლობლებზე.

იური მალაშკოს განცხადებით, თავდასხმის დროს ტაძარი დაზიანდა, სადაც, საბედნიეროდ, ტრადიციული სააღდგომო წირვა არ ტარდებოდა.

„ოკუპანტებისთვის არაფერია წმინდა. კამიშევახაში ადგილობრივი ეკლესია დაზიანდა, რომელშიც, საბედნიეროდ, წირვა-ლოცვა არ ტარდებოდა, ასევე განადგურდა მიმდებარე შენობები. სპეციალისტებმა ადგილზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყეს“, - განაცხადა იური მალაშკომ.