რუსეთმა შეტევა შეაჩერა, თავდაცვაზე გადავიდა გარდა ორი სექტორისა - უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი

რუსეთმა უკვე შეაჩერა შეტევა, ის გადავიდა თავდაცვაზე, გარდა ორი სექტორისა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, 2023 წლის 31 მარტს რუსეთის შეტევის მორიგი მცდელობა, ეგრეთ წოდებული ზამთარ-გაზაფხულის შეტევა ჩაიშალა. ისინი ცდილობდნენ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მისულიყვნენ.

„რუსეთს ამ დროისთვის სტრატეგიული შეტევითი ოპერაციის პოტენციალი არ აქვს და ეს არც უახლოეს მომავალში ექნება", - განაცხადა ბუდანოვმა.

მისი თქმით, „რუსეთი გადავიდა სტრატეგიულ თავდაცვით ოპერაციაზე“, რომლის მიზანიც მიტაცებული ტერიტორიების შენარჩუნებაა. ბუდანოვის თქმით, არსებობს ორი გამონაკლისი, ბახმუტი და ავდიივკა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა 17 აპრილს განაცხადა, რომ მტრის მთელი დამრტყმელი ძალები კონცენტრირებულია აღმოსავლეთის ოთხ რაიონში - მარინკაში, ლიმანში, ბახმუტსა და ავდიივკაში - ამიტომ უკრაინამ მეტი სამხედრო პოტენციალის კონცენტრირება უნდა მოახდინოს იქ, რომ მტერი შეაჩეროს.