გიორგი სიუკაევი, რომელიც ცხინვალში 38 წლის სოსლან ვალიევის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლია, ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავკაზა ტელეგრამის არხებზე „Сапа 15“-სა და „Ног Ирыстон“-ზე დაყრდნობით წერს, ინფორმაციას აზიარებს ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „Рес“-იც. იუწყებიან, რომ სიუკაევი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა უკრაიინიდან სადაც ის მსახურობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერში“ სახმისით „არბალეტი“. მასალას უცვლელად გთავაზობთ:
„სუიკაევი გიორგი ვაგნერელებთან საპატიმროდან მოხვდა, სადაც ის სასჯელს იხდიდა მეთაურის მკვლელობისთვის, რომელიც 2014 წელს ჩაიდინა დონბასში საბრძოლო მოქმედებებისას, სადაც სავარაუდოდ, მოხალისედ იმყოფებოდა სამხრეთ ოსეთიდან. მანამდე სრულიად ახალგაზრდა 2008 წლის ომში მონაწილეობდა“,- ნათქვამია ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე.
ოკუპირებულ ცხინვალში ორშაბათს, საღამოს, დანით მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა 38 წლის სოსლან (ცუგრი) ვალიევი. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პროკურატურის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებული 1989 წელს დაბადებული გიორგი სიუკაევი ცხელ კვლაზე დააკავეს.
მანამდე დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შუაღამით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო თათბირი მოიწვია და მკვლელობაში ბრალდებულის სასწრაფოდ დაკავება მოითხოვა.
„დიდი ტრაგედია მოხდა. თუ სიუკაევი დამნაშავეა და კვალი მისკენ მიდის, მიწაშიც რომ იყოს ჩამძვრალი, აუცილებელია მისი იქიდან ამოყვანა. ვინც მას ხელი დააფარა და მისი მანქანა გადამალა, ყველა დააკავეთ. თუ სამძებრო ღონისძიებებისთვის ხალხი არ არის საკმარისი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და OMON-ი დაგეხმარებათ. ეს არის რეზონანსული შემთხვევა“, - განაცხადა გაგლოევმა.
მკვლელობას გამოეხმაურნენ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი ლიდერებიც ანატოლი ბიბილოვი და ედუარდ კოკოითი.
კოკოითის თქმით, რომ „ცუგრი კეთილი და უწყინარი ბიჭი იყო, რომელიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველას ახლობელივით უყვარდა“. კოკოითი ტელეგრამზე წერს, რომ ის ფაქტობრივად ცხინვალის სიმბოლო იყო.
ანატოლი ბიბილივის თქმით კი ვალიევს „უყვარდა ოსეთი და რუსეთი“ და დარწმუნებული იყო „ფაშიზმზე გამარჯვებაში“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, უწყებაში ჩვენების მისაცემად ორი ადამიანი თავისი ნებით მივიდა. მომხდარზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერმა" უკრაინაში ომში მონაწილებისთვის პატიმრების გადაბირება გასულ ზაფხულს დაიწყო. დაქირავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, საუბარია ათობით ათას ყოფილ პატიმარზე. „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი ომში გადარჩენილებს ექვს თვეში შეწყალებას დაჰპირდა. არსებობს ყოფილი პატიმრების ომიდან შინ დაბრუნების მაგალითებიც. პრიგოჟინის მტკიცებით, მათი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის შემთხვევები ძალზე იშვიათია. თუმცა, ამ საკითხზე ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.