სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს, ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს.
მისივე თქმით, ხსენებული დებულება აზერბაიჯანულ მხარესთან 2022 წლის ოქტომბერში პრაღასა და სოჭში უმაღლესი დონის ბოლო შეხვედრებზე შეთანხმდა.
„მინდა განმეორებით ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ აზერბაიჯანიც იგივეს გააკეთებს და აღიარებს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიას როგორც სომხეთის რესპუბლიკას”, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
ეს ნაბიჯი ფაქტობრივად მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავს, რომელიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის სსრ-ში შედიოდა.
სომხეთი უარყოფს რეგიონში თავის სამხედრო ჩართულობას და აცხადებს, რომ იქ ყარაბაღის ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან განლაგებულნი.