რას გულისხმობს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ახალი წესი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის მიღება, რაც ევროკავშირის ახალი მოთხოვნაა.

„ევროკავშირში მგზავრობის მსურველთა საყურადღებოდ: 2024 წლიდან ევროპაში უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე 59 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის, სავალდებულო გახდება მგზავრობის წინასწარი დასტურის (ავტორიზაციის) მიღება „ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემიდან“ (ETIAS). მგზავრობის დასტური ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნაა შენგენის 27 ქვეყანაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსში შესასვლელად.

გაითვალისწინეთ: ETIAS არ არის ვიზა! უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ძალაში რჩება საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში.

ETIAS-ის ერთადერთი ოფიციალური ვებგვერდი არის: www.europa.eu/etias.

ETIAS-ის სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს. მისი ამოქმედების შემდეგ განაცხადის ფორმა ხელმისაწვდომი იქნება ოფიციალურ ვებგვერდზე“.


რა არის ETIAS?

ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია არის ევროკავშირის მიერ შემოღებული ახალი მოთხოვნა. ის ეხება მოგზაურებს უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, რომლებიც შედიან შენგენის 27 ქვეყნიდან[1] ნებისმიერში, ბულგარეთში, რუმინეთში ან კვიპროსში. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებსაიტზე: europa.eu/etias.

გეხებათ თუ არა ETIAS?

თუ ჩამოხვალთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნიდან, ევროპაში გასამგზავრებლად ETIAS ავტორიზაცია უნდა გქონდეთ. თუმცა ამ წესიდან გამონაკლისები არსებობს – დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ ETIAS-ის ოფიციალურ ვებსაიტზე, ეხება თუ არა რომელიმე მათგანი თქვენს სიტუაციას.


7 რამ, რაც ETIAS-ის შესახებ უნდა იცოდეთ:

ETIAS არის ახალი მოთხოვნა მოგზაურობასთან დაკავშირებით: თუ ხართ ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქვეყნიდან, 2024 წლიდან თქვენ უნდა მიიღოთ ETIAS სამოგზაურო ავტორიზაცია ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში შასასვლელად.


ETIAS-ზე განაცხადისთვის დაგჭირდებათ:

პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა 3 თვეს აღემატება
ელექტრონული ფოსტის მისამართი

ონლაინ ფორმის შევსება

გადასახადის გადახდა 7 ევროს ოდენობით

ETIAS მოკლევადიანი ვიზიტებისთვის არის განკუთვნილი: ETIAS-ის მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაციით 90 დღის განმავლობაში ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეძლებთ დარჩენას ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში.


თქვენი ETIAS ავტორიზაცია ძალაში იქნება 3 წლის განმავლობაში, ან სანამ განაცხადში მითითებული პასპორტის მოქმედების ვადა ამოიწურება, რაც პირველი მოხდება. შეგიძლიათ იგი მრავალჯერადი შესვლისთვის გამოიყენოთ.

ETIAS არ არის ვიზა: ETIAS ავტორიზაციის მისაღებად განაცხადს ავსებთ ონლაინ, არ გჭირდებათ საკონსულოში წასვლა, თქვენი ბიომეტრიული მონაცემები არ შეგროვდება და ეს ბევრად უფრო სწრაფი და იაფი იქნება, ვიდრე შენგენის ვიზის მიღება.

ევროპა პირველი არ არის, ვინც უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნების მოქალაქეებისთვის მოგზაურობის ავტორიზაცია შემოიღო: მსგავსი სამოგზაურო ავტორიზაციის მოთხოვნა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და ავსტრალიაში.
სისტემა ჯერ არ ფუნქციონირებს და ამ ეტაპზე არცერთი განაცხადი არ გროვდება: ETIAS-ის დაწყების ზუსტ ვადებს ევროკომისია მალე გამოაცხადებს.


უფრთხილდით თაღლითებს

არსებობს მხოლოდ ერთი ოფიციალური ETIAS ვებსაიტი: www.europa.eu/etias. როდესაც სისტემა ამოქმედდება, განაცხადის ფორმა ამ ვებსაიტზე გახდება ხელმისაწვდომი.

არსებობს ათობით ვებსაიტი, რომლებიც თავს ETIAS აპლიკაციის ოფიციალურ საიტებად აცხადებენ: ისინი იყენებენ ევროკავშირის ოფიციალურ ლოგოს, ზოგი კი მოგზაურთა პირად მონაცემებს აგროვებს. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის ძალაში შესვლის შემდეგ კომერციული შუამავლებისთვის თქვენი სახელით განახცადის შევსება კანონიერი იქნება, დარწმუნდით, რომ სანდოს მიმართეთ: ზოგიერთმა თქვენი პერსონალური მონაცემები, პასპორტის ნომერი და საკრედიტო ბარათი შეიძლება მოიპაროს. მათ ასევე შეუძლიათ მომსახურებისთვის დამატებითი საფასური გადაგახდევინონ. გახსოვდეთ: თუ თქვენ განაცხადისთვის ETIAS ოფიციალურ ვებსაიტს იყენებთ, ETIAS ავტორიზაცია მხოლოდ 7 ევრო ეღირება.