გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა ვარშავის გეტოს აჯანყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას ისტორიული პარალელი გაავლო და მიუთითა გერმანიაში ნაცისტების მიერ დაწყებულ ომსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მსგავსებაზე.
„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, ხელყო საზღვრები და მიითვისა ტერიტორიები. ომი უკრაინაში ტანჯვას იწვევს. პოლონეთმა და ისრაელმა ეს გაიარეს - თქვენ იცით, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა და მისთვის ბრძოლაა საჭირო. მაგრამ ჩვენ, გერმანელებმაც ვისწავლეთ გაკვეთილი საკუთარი ისტორიიდან. ევროპაში აღარასოდეს აღარ უნდა იყოს დანაშაულებრივი ომი, როგორიცაა, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნები მაშინ არიან ძლიერები, როცა ისინი ერთობლივად მოქმედებენ.
შტაინმაიერმა პატივი მიაგო ნაცისტების ბოროტმოქმედებების მსხვერპლთ და გერმანიის სახელით პატიება ითხოვა. აჯანყების გმირების მემორიალთან გამართულ საზეიმო ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი.
შტაინმაიერის სახით გერმანიის სახელმწიფოს მეთაური ვარშავაში პირველად გამოვიდა სიტყვით გეტოს აჯანყების წლისთავზე. 1970 წელს კანცლერ ვილი ბრანდტის დაჩოქების შემდეგ ვარშავის გეტოს გმირებისადმი მიძღვნილი ძეგლი გერმანიისა და პოლონეთის შერიგების სიმბოლოდ იქცა.
„გერმანელები გულმოდგინედ გეგმავდნენ და სჩადიოდნენ დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე. ებრაელებს ევროპასა და ვარშავაში გერმანელები წარმოუდგენელი სისასტიკითა და არაადამიანურობით სდევნიდნენ და ანადგურებდნენ“, - განაცხადა შტაინმაიერმა.
მან ისრაელისა და პოლონეთის პრეზიდენტებს მადლობა გადაუხადა შერიგებისთვის მზადყოფნისთვის. გერმანელებს კი მოუწოდა, შეინახონ წარსულის ხსოვნა.