„ბატონო პრეზიდენტო, მე დღეს აქ ვარ მარტივი გზავნილით: NATO უკრაინის გვერდით დგას“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია.
„დღეს დილით ბუჩას ვესტუმრე და იქ ნანახმა ღრმად შემაძრწუნა. რუსეთის სისასტიკე უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. პასუხისმგებელებმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.
ჩვენ თქვენს გვერდით ვიდექით 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ. ჩვენ დღეს თქვენს გვერდით ვდგავართ რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ თქვენს გმირულ ბრძოლაში და თქვენი ქვეყნის დასაცავად. და ჩვენ გვერდით ვიქნებით ხვალ, როდესაც თქვენ აღადგენთ თქვენს ქვეყანას და ვიმუშავებთ უკრაინელი ხალხის ნათელი მომავლისთვის.
წლების განმავლობაში მოკავშირეებმა ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს. გასული თებერვლიდან მოკავშირეებმა 150 მილიარდ ევროზე მეტი დახმარება გაიღეს, მათ შორის 65 მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარება.
ამან თქვენს ჯარებს საშუალება მისცა, რუსეთი კიევიდან, ხერსონიდან და ხარკოვიდან უკუეგდო. მოკავშირეები ახლა უფრო მეტ თვითმფრინავებს, ტანკებს და ჯავშანტექნიკას აწვდიან კიევს. NATO-ს უკრაინის ფონდი კი სასწრაფო დახმარებას უზრუნველყოფს, მათ შორის სამედიცინო მომარაგებას, მობილური სატელიტური სისტემების ჩათვლით.
ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ომი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ნიმუში, რომელიც უნდა შეწყდეს. ჩვენ შევთანხმდით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მნიშვნელობაზე. მე მტკიცედ მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო გეგმას.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ძლიერი, მძლავრი მექანიზმები უკრაინის უსაფრთხოებისთვის. უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია და დროთა განმავლობაში, ჩვენი მხარდაჭერა დაგეხმარებათ ამის გაკეთებაში.
დღეს მე და პრეზიდენტმა განვიხილეთ მხარდაჭერის მრავალწლიანი ინიციატივა. ეს დაგეხმარებათ საბჭოთა პერიოდის ტექნიკიდან და დოქტრინებიდან NATO-ს სტანდარტებზე გადასვლაში, რათა უზრუნველყოფილი იყოს ალიანსთან სრული თავსებადობა. ეს არის უკრაინისადმი NATO-ს გრძელვადიანი ერთგულების დასტური. NATO დგას თქვენთან ერთად დღეს, ხვალ და რამდენიც საჭირო იქნება. ასე რომ, პრეზიდენტო ზელენსკი, კიდევ ერთხელ გმადლობთ მასპინძლობისთვის. მოუთმენლად ველი, რომ მოგესალმოთNATO-ს სამიტზე ვილნიუსში, ივლისში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.