უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია. ყველა მოკავშირე თანხმდება ამაზე. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტისას, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია.
ამავდროულად, სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის, NATO-ს მოკავშირეების მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა.
სტოლტენბერგი ვილნიუსის სამიტიდან მოელის, რომ მოკავშირეები ხელახლა აიღებენ ვალდებულებას, დადგნენ უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც კიევს დასჭირდება და გააგრძელონ არსებითი სამხედრო მხარდაჭერა, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას, გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა, დემოკრატიულმა ერმა ევროპაში, რადგან ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სამომავლო წევრობის შესახებ მნიშვნელოვანი დისკუსიის გასამართად.
„ამიტომ, მთავარი ფოკუსი, გადაუდებელი საჭიროებაა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, რაზეც ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ. ჩვენ დღეს განვიხილავთ მას, განვიხილავთ რამშტაინის ფორმატში, სადაც ხვალ ვხვდებით აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტრაქტო ჯგუფში. ყოველდღე, ვილნიუსის სამიტამდე და ასევე ვილნიუსის სამიტზე, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა იქნება მთავარი თემა. ამდენად, NATO-მ აჩვენა, რომ ჩვენი კარი ღიაა. ალიანსის კარი ღია რჩება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, მხარდაჭერა, რომელსაც ვუწევთ უკრაინას, უკრაინის მომავალ წევრობას შესაძლებელს ხდის.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის აღიარებს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დააყენებს წევრობის საკითხს, უსაფრთხოების გარანტიებს და ეს იქნება შეხვედრის დღის წესრიგის მთავარი თემა.
„უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის მომავალი NATO-შია“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.