ვოლოდიმირ ზელენსკი: შეუძლებელია, ბახმუტზე უარი ვთქვათ

  • ზელენსკი დარწმუნებულია უკრაინის გამარჯვებაში და ამბობს, რომ ქვეყანა კონტრშეტევისთვის ემზადება

ვოლოდიმირ ზელენსკიმ Al Arabiya-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა ვერ მიატოვებს ბახმუტის დაცვას, რადგან მისი აღება რუს ოკუპანტებს ფრონტის გაფართოებაში დაეხმარება.

ვოლოდიმირ ზელენკისთ ქმით, თუ რუსული ჯარები ქალაქს დაიკავებენ, ეს შეიძლება, ხელშემწყობი ფაქტორი გახდეს დონეცკის ოლქის ქალაქების, კრამატორსკისა და სლავიანსკის წინააღმდეგ შეტევისთვის.

„შეუძლებელია, ბახმუტზე უარი ვთქვათ, რადგან ეს ხელს შეუწყობს ფრონტის გაფართოებას და რუსეთის ჯარებსა და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ მისცემს შანსს, დაიპყროს ჩვენი მიწების უფრო დიდი ნაწილი“, - განაცხადა ზელენსკიმ.


ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია, რუსეთის შეჭრა მოიგერიოს და გამარჯვებას მიაღწიოს.

„ვიმედოვნებთ და გვჯერა, რომ ყოველდღიური წარმატებებით, ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან“, - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ უკრაინელებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, ოკუპირებული მიწები დაიბრუნონ და თავიანთი ქვეყანა განავითარონ.

უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია რთულია, მაგრამ მისი ქვეყანა იბრძვის და ძლიერდება.

„ჩვენ ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის არმია რუსული ძალების წინააღმდეგ კონტრშეტევისთვის ემზადება.

„სიმართლე ისაა, რომ რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება და ეს ყველასთვის გასაგებია. ასე რომ, მივმართავ ჩვენს მოკავშირეებს, მხარი დაგვიჭირეთ, რადგან უპირველეს ყოვლისა, ეს არის დაბალი ფასი, რომელიც უნდა გადაიხადოთ, რადგან რუსეთი ამაზე არ გაჩერდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში საკუთარი სიცოცხლისთვის და არა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვის.