დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულებული იქნება.
„მინდა წერეთლის გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მიმდინარე სამუშაოების ფონზე შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო. სხვანაირად, შეზღუდვის გარეშე, ასეთი მასშტაბური სამუშაოების წარმოება შეუძლებელია. ვიცით, რომ ღამით ხმაურია, ზოგიერთ კომპანიას მუშაობა ღამით უწევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროექტი დროულად დასრულდეს.
ნათქვამი გვაქვს, რომ იანვარში წერეთლის გამზირის სამუშაოები მთლიანად დასრულდება. როდესაც იანვარს ვამბობთ, აქ სამუშაოების სრულ დაბოლოებას ვგულისხმობთ როგორც გამწვანების, ისე გარე განათებების ჩათვლით. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, პროცესი, რა თქმა უნდა, გაცილებით ადრე დასრულდება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.