ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, მისიას გზავნის. მისია დაკომპლექტდება სამოქალაქო სპეციალისტებისგან. ისინი მოლდოვის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ. მისიის მიზანი, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მდგრადობის ამაღლება, ასევე ინფორმაციის მანიპულირების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა.
„დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვას უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ამ ახალი მისიის განლაგება არის ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშანი არსებულ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.