ბორელი: მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით

„მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე ლუქსემბურგში.

ბორელის თქმით, ის შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს და განიხილეს საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის კუთხით და ამავდროულად დემოკრატიის გაძლიერების საჭიროება.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და განვიხილეთ ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც ასევე საჭიროებს დემოკრატიის გაძლიერებას. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა საჭიროა მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება და ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.


ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს კითხვები ჰქონდათ 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელთაც მაქსიმალურად ამომწურავად გაეცა პასუხი.

„დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეული იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბორელი. ჩვენ მოგვეცა ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ურყევ გზაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენს ძალისხმევაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა.

რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთეთ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია დღეს ჩვენი, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეულ საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჰქონდათ ინტერვენციები, მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა.