ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაამტკიცეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მოლდოვას, თავდაცვის პოტენციალის განვითარებისთვის 40 მილიონი ევრო გამოეყოფა. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა ნიკოლაე პოპესკუმ სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროპის მშვიდობის ფონდიდან იქნება 40 მილიონი ევროს დახმარება. მადლიერება გამოვხატე ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იგივე მონდომებით, რათა ქვეყანა ევროკავშირში გავაწევრიანოთ“, - განაცხადა პოპესკუმ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა 24 აპრილს განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვაში რუსული ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, მისიას გზავნის. მისია დაკომპლექტდება სამოქალაქო სპეციალისტებისგან. ისინი მოლდოვის ტერიტორიაზე ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ. მისიის მიზანი, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, იქნება ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის მდგრადობის ამაღლება, ასევე, ინფორმაციის მანიპულირების მცდელობის წინააღმდეგ ბრძოლა.
„დღეს ჩვენ ვაძლიერებთ ევროკავშირის მხარდაჭერას მოლდოვის უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ამ ახალი მისიის განლაგება არის ევროკავშირის მხარდაჭერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნიშანი არსებულ რთულ ვითარებაში“, - განაცხადა უმაღლესმა დიპლომატმა.