ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა.
„ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა როგორც ევროპის საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა არის თვალსაჩინო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.
ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსს, როგორც სხვა ქვეყნებმა მიიღეს, თუმცა მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს გეგმა თავიდან ბოლომდე იყოს შესრულებული. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული. ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.