იტალია ხელს შეუწყობს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაჩქარებას - მელონი

იტალია დაეხმარება უკრაინას რაც შეიძლება მალე შეასრულოს ევროკავშირში მისი სრული წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმები და დააჩქაროს მოლაპარაკებების დაწყება ქვეყნის ევროპულ საზოგადოებაში გაწევრიანების შესახებ. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ოთხშაბათს, 26 აპრილს, რომში უკრაინელ კოლეგასთან დენის შმიგალთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენთანაა; რომ უკრაინა სულ უფრო მეტად შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს. ჩვენ ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დაჩქარდეს გაწევრიანების პროცესი. ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ ძალისხმევას, რომელსაც ახორციელებს კიევის მთავრობა ომის მიუხედავად, რათა რაც შეიძლება მალე მივუახლოვდეთ ევროკომისიის მიერ გაწევრიანების პროცესში დასახულ მიზნებს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფარგლებში მოლაპარაკებების დაჩქარებას“, - განაცხადა მელონიმ.

მელონიმ ამავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ახლა უკრაინაში ფულის ჩადება არა რისკი, არამედ, ინვესტიციაა.