უკრაინის საზღვაო ძალების მეთაური, ვიცე-ადმირალი ოლექსი ნეიჟპაპა დარწმუნებულია, რომ რუსეთის იმპერიული ამბიციები ვრცელდება არამხოლოდ შავ ზღვასა და აზოვის ზღვაზე, არამედ, ბალტიის ზღვაზე, ჩრდილოეთ ზღვაზე და წყნარ ოკეანეში.
ამის შესახებ მან ისაუბრა შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე, რომელიც ბულგარეთში, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წარმომადგენლებისა და სხვა ქვეყნების საზღვაო მეთაურების მონაწილეობით გაიმართა.
ფორუმის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს უსაფრთხოების ვითარება და რეგიონში არსებული საფრთხეები, ასევე, ქვეყნებს შორის სტაბილურობისა და უსაფრთხოების აღდგენის მიზნით შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზები.
სიტყვით გამოსვლისას ვიცე-ადმირალმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებების გამო, შავი ზღვა ვერ ჩაითვლება უსაფრთხოდ მომდევნო 20 წლის განმავლობაში.
მაგალითებად მან მოიყვანა 2003 წელს კუნძულ ტუზლის აღების მცდელობა, 2008 წლის ომი საქართველოში, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია, 2022 წელს აზოვის ზღვის ოკუპაცია და მიმდინარე ომი, რომელიც ასევე მოიცავს შავი ზღვის ტერიტორიას.
ნეიჟპაპა დაამატა, რომ უსაფრთხოების აღდგენა აზოვი-შავი ზღვის რეგიონში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ უკრაინა 1991 წლის მდგომარეობით არსებულ თავის ტერიტორიებს დაიბრუნებს. უკრაინული მედიის ცნობით, 26 აპრილს რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი გადაკეტა.