ვაშინგტონი სამხრეთ კორეის სიახლოვეს პერიოდულად ბირთვულ წყალქვეშა ხომალდებს განალაგებს და სეულს ბირთვული დაგეგმვის ოპერაციებში ჩართავს. საპასუხოდ, სეული უარს იტყვის საკუთარი ბირთვული იარაღის შემუშავებაზე. BBC-ის ცნობით, აშშ და სამხრეთ კორეა ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ. ოთხშაბათს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა და აშშ-ის ლიდერმა თეთრ სახლში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის თეთრ სახლში ვიზიტისას მოეწერა ხელი, გააძლიერებს მოკავშირეების თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეისგან თავდასხმის შეკავების პროცესში.