სუდანის დედაქალაქ ხარტუმში 15 აპრილს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში ჩამოფრინდა. საქართველოს 33-ვე მოქალაქე სუდანიდან ევაკუირებულია, თუმცა ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებულთა შორის არიან მხოლოდ ავიაკომპანია GeoSky-ის თანამშრომლები.
კომპანია MyWay-ის დირექტორმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მათი თანამშრომლები ქვეყანაში ხვალ, 28 აპრილს, დაბრუნდებიან.
15 აპრილს, როცა სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო, ქვეყნის დედაქალაქ ხარტუმში მივლინებით იმყოფებოდა ავიაკომპანიების, Geo Sky-სა და MyWay-ს 33 თანამშრომელი. მოგვიანებით ისინი ხარტუმიდან სხვა, შედარებით უსაფრთხო რაიონში გადაიყვანეს.
მსოფლიოს სახელმწიფოებმა სუდანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის დაწყება რამდენიმე დღის წინ, მას შემდეგ შეძლეს, რაც დაპირისპირებულმა მხარეებმა დროებით ზავი გამოაცხადეს.
ძალაუფლების მოსაპოვებლად შეიარაღებული დაპირისპირებაა სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის, რომლებსაც ყოფილი თანამოაზრეები ხელმძღვანელობენ. არმიის მეთაურია სუდანის სუვერენული გარდამავალი საბჭოს ხელმძღვანელი, გენერალი ალ-ბურჰანი, ხოლო „სწრაფი რეაგირების ძალების“ - გენერალი დაგალო. შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ემსხვერპლა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.
ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სუდანში 2019 წელს დაამხეს ავტორიტარი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი, რომელიც ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა. მის წინააღმდეგ დაწყებულ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს მხარი დაუჭირეს სამხედროებმა. ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ, სამხედრო და სამოქალაქო ჯგუფები შეთანხმდნენ გარდამავალი მთავრობის შექმნაზე, თუმცა, 2021 წელს პუტჩის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო გენერალმა ალ-ბურჰანმა. მას დაუპირისპირდა „სწრაფი რეაგირების ძალების“ ლიდერი, გენერალი დაგალო, რომელიც სუდანს დემოკრატიისკენ წაყვანას ჰპირდება.